ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

"კაი ვართ, კაი ხართ"

  18 აგვ.  12:00  -  23 აგვ.  12:00
2014
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×

ასე აფასებენ თურქეთში მცხოვრები ქართველები - "გურჯები" ენევრ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის მსახიობთა ოსტატობას კონცერტების შემდეგ. ამჯერადაც ასე იყო. იალოვას ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "ტუფაკი" წელს ოცდამეათედ გაიმართა, სადაც ანსამბლი უკვე მესამეჯერ გაემგზავრა. ამ ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, როდესაც ხელი მოეწერა ბათუმსა და იალოვას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი კულტურულ თანამშრომლობას უკავია. ბათუმთან დაძმობილებული ეს პატარა ზღვისპირა ქალაქი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში მდებარეობს და სახელი გაითქვა ფოლკლორის ფესტივალით, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნები მონაწილეობენ. ანსამბლმა არაერთი კონცერტი ჩაატარა როგორც ქალაქ იალოვაში, ასევე მის შემოგარენში; წარმატებით გამოვიდა ათათურქის სახელობის ღია ესტრადაზე გალა-კონცერტით 30 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე.

   ჟიურის გადაწყვეტილებით ანსამბლი ფესტივალის მუდმივი წევრია და მათი მონაწილეობა დიდ პატივად ითვლება. სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები, კეთილგანწყობა, მასპინძელთა და მაყურებელთა სითბო, მაღალ-ორგანიზებულობა - "ტუფაკის" სავიზიტო ბარათია, მაგრამ ყველაზე დიდი შეფასება იალოვაში მცხოვრები ქართველების შეფასებაა - "კაი ვართ, კაი ხართ" ანუ "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ". p.s. ანსამბლის საფესტივალო წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მთავარ ქორეოგრაფს შალვა გოგუაძეს და სამხატვრო ხელმძღვანელს თეიმურაზ ბოლქვაძეს, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ ქართული ცეკვის მეტრის ენვერ ხაბაძის მიერ გაკვალულ გზას.

   საფესტივალო პროგრამაში წარმოდგენილ იქნა ცეკვები: "განდაგანა", "მოხევური", "სამაია", "ქართული" და "მთიულური".

    ღონისძიებები

    კოლექტივები