ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

წარმატებული სტაჟირება ბათუმის კულტურის ცენტრში

წარმატებული სტაჟირება ბათუმის კულტურის ცენტრში
  1 ივლ.  12:00  -  31 ივლ.  20:00
2017
  ბათუმის ბულვარი
  დასწრება თავისუფალია
×

ნინო მეგრელიძე – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის IV–ე კურსის წარჩინებული სტუდენტი. 2017 წლის ბათუმის მერიის სტუდენტური საზაფხულო დასაქმების პროგრამით ა(ა)იპ „ბათუმის კულტურის ცენტრში“ გაიარა სტაჟირება. შემოქმედებითი ნიჭითა და ხედვით გამორჩეული, გემოვნებიანი, სტილისა და საკუთარი ესტეთიკით მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ბათუმის კულტურის ცენტრი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს მის პირველ სტატიას ცენტრში გატარებული დღეებისა და შთაბეჭდილებების შესახებ და დიდ წარმატებას უსურვებს მას.

ბათუმის მუსიკალური მარგალიტი

ბათუმის,როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტული ქალაქის „რენესანსი“ სწორედ ზაფხულში იწყება. ქალაქს ყოველ წელიწადს ათი ათასობით ტურისტი სტუმრობს და ეს რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მათი დროის სასიამოვნოდ გატარებაზე კი ბათუმის კულტურის ცენტრი ზრუნავს, რაც თავის მხრივ რიგი ღონისძიებების დაგეგმვის ხარჯზე ხდება. რა თქმა უნდა, არც 2017 წელი ყოფილა გამონაკლისი. სეზონის გახსნისთანავე დაიწყო სხვადასხვა სახის პროგრამების ჩვენება.

ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელსაც პირადად დავესწარი იყო ბათუმის „ Jazz Big Band “-ის ორ დღიანი კონცერტი ბულვარში, ე.წ. „კოლონადებთან“. ვიდრე უშუალოდ ბენდზე ვისაუბრებდე, შევაფასებ გარემოს და სივრცეს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია გარკვეული ღონისძიებების ჩატარების დროს, რადგან ვიზუალური შთაბეჭდილება სწორედ ის არის, რაც პირველ რიგში მოქმედებს მაყურებელზე. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას,რომ სწორად იყო შერჩეული ადგილი მსგავსი კონცერტის ჩასატარებლად: ბათუმის ბულვარი, საღამო, თეთრი სვეტები ღია ცის ქვეშ, შუაგულ ცენტრში კი თეთრ კოსტიუმებშივე გამოწყობილი ჯაზმენები უნიჭიერესი დირიჟორის ბატონ ვახტანგ გორდაძის ხელმძღვანელობით. “ Jazz Big Band “- ის უდაო ნიჭიერება, ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი არა მარტო მე, არამედ ქართველმა და უცხოელმა მაყურებელმა ერთნაირად დადებითად შევაფასეთ, ეს შეფასება კი ყველას სახეზე იკითხებოდა. ჩანდა ის დადებითი მუხტი და ენერგია, რიტმულობა, რომელიც გადასცა ორკესტრმა მაყურებელს. სასიამოვნოდ გაოცებული დაგვტოვა პირადად დირიჟორმა, მისმა კონტაქტურობამ, ჯაზივით იმპროვიზირებულმა მოძრაობებმა და ძლიერმა მუხტმა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებდა.

პირველ დღეს ბენდი ერთ საათიანი პროგრამით შემოიფარგლა, რასაც ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა. მეორე დღეს კი ორკესტრთან ერთად წარსდგა 2017 წლის “X ფაქტორი“-ს მონაწილე, ბენდის სოლისტი მაგდა ვასაძე, რომელთაც არაჩვეულებრივი და შთამბეჭდავი სინთეზი გამოუვიდათ. როგორც აღვნიშნე, შეუძლებელი იყო გვერდი აგევლო ამ სანახაობისთვის. ასაკობრივი სხვაობების მიუხედავად ყველას ერთი რამ გვაერთიანებდა- ეს იყო მუსიკა, ჯაზი. მჯერა, ორივე დღე ერთნაირად დასამახსოვრებელი დარჩა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა იქ მყოფისათვის, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ორკესტრის დამსახურებაა. თამამად შემიძლია შევაფასო და ვთქვა, რომ ბათუმს „Jazz Big Band”- ის სახით მუსიკალური მარგალიტი ყავს.

(ფოტოები იხილეთ გალერეაში გადაღებული iPhone 5S)

    ღონისძიებები

    კოლექტივები